კონტაქტი
კონტაქტი

ეროვნული კანონმდებლობა

მოქალაქეობის არქონასთან და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1-ლი სექტემბრის №523 დადგენილებითა და სხვა დაკავშირებული აქტებით.

 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეობის არმქონე არის პირი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით, ხოლო მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. თავის მხრივ, სახელმწიფო უფლებამოსილია კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. საქართველოს კონსტიტუციით ასევე დადგენილია, რომ საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს. დაუშვებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.

 

ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებულია სახელმწიფოს ვალდებულება, საქართველოში მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები, დაიცვას მათი საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, ასევე, განამტკიცოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის, აგრეთვე, საქმიანობისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის უფლებები და ა.შ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი
ბმული: matsne.gov.ge/document/view/2278806?publication=13

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
ბმული: matsne.gov.ge/ka/document/view/2342552?publication=6

„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №523 დადგენილება
ბმული: matsne.gov.ge/ka/document/view/2483498?publication=1

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.