კონტაქტი
კონტაქტი

რას ნიშნავს მოქალაქეობის არქონა

მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ადამიანი დგას მოქალაქეობის არქონის პრობლემის წინაშე. მოქალაქეობის არმქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო თავის მოქალაქედ არ მიიჩნევს. დღესდღეობით, მსოფლიოში მოქალაქეობის არმქონე მილიონობით ადამიანია, რომელთაც არც ერთი სახელმწიფო თავის მოქალაქედ არ მიიჩნევს და, რომელთაც, ინდივიდუალურად თუ მათ ოჯახის წევრებთან ერთად, ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით ეფექტიანი სარგებლობა საგრძნობლად შეზღუდული აქვთ.

 

მოქალაქეობის არქონა ნიშნავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე წვდომაში შეფერხებას და აღნიშნული უფლებების სათანადოდ რეალიზების შეუძლებლობას. შესაბამისად, მოქალაქეობის არმქონე პირები, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ბევრი ყოველდღიური პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგებიან. შედეგად, მოქალაქეობის არმქონე მრავალ ადამიანს მუდმივად მომეტებულად მოწყვლად მდგომარეობაში, დისკრიმინაციისა და სხვა ძირითადი უფლებების დარღვევის მუდმივი რისკის ქვეშ უწევს ცხოვრება.

 

მოქალაქეობის არქონას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდეს, რომელთა შორისაც არის სახელმწიფოების დაშლა, ახალი სახელმწიფოების აღმოცენება, სახელმწიფოების განსხვავებული სამართლებრივი მოწესრიგება მოქალაქეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის კუთხით, დისკრიმინაციული კანონმდებლობა, მოქალაქეობის დაკარგვა ან ჩამორთმევა, პირის დაბადების ფაქტის არასათანადო რეგისტრაცია და დოკუმენტირება და ა.შ.

 

შედეგობრივად, მოქალაქეობის არქონის პირობებში, ადამიანებს თავისუფლად ცხოვრების, ბინადრობის ნებართვის მიღების, საკუთრების ფლობისა და განკარგვის, თავისუფლად მიმოსვლისა და მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ შეზღუდული. მათთვის ასევე გამოწვევაა ჯანდაცვის სერვისებსა თუ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ამგვარი სირთულეები მოქალაქეობის არმქონე პირებს დასაქმების პრობლემის წინაშეც აყენებს, რის გამოც, ბუნებრივია, მოქალაქეობის არმქონე პირებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, წვლილი შეიტანონ სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ყოველივე აღნიშნული მოქალაქეობის არმქონე პირთა ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

 

გარდა ინდივიდუალური ნეგატიური შედეგებისა, მოქალაქეობის არმქონე პირები საოჯახო ცხოვრებასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ. კერძოდ, ოჯახები, რომლებიც მოქალაქეობის არქონის პრობლემის წინაშე დგანან, ბუნებრივად, ეკონომიკური და სოციალური დაუცველობის რისკის ქვეშ არიან. ასევე, ზოგიერთ სახელმწიფოში, გენდერულად დისკრიმინაციული კანონმდებლობა ბავშვისთვის დედისგან მოქალაქეობის გადაცემის შესაძლებლობას გამორიცხავს, შესაბამისად, თუკი ბავშვის მამა უცნობია, ან არის მოქალაქეობის არმქონე, ბავშვი შესაძლოა თავისსავე ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონედ იქცეს.

 

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მის ტერიტორიაზე მოქალაქეობის არქონის პრობლემის აღმოფხვრაზე იზრუნოს და მოქალაქეობის არმქონე პირებს ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით სათანადოდ და ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობა შეუქმნას.

 

მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებს ჰქონდეთ ეფექტიანი პოლიტიკა მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რაც მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, ასევე, მათი შვილებისა თუ ოჯახის სხვა წევრებისთვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ეფექტიანად მონაწილეობის შესაძლებლობის გარანტი იქნებოდა.

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.