კონტაქტი
კონტაქტი

ქორწინების რეგისტრაცია

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს შეუძლია დაქორწინდეს და განქორწინდეს საქართველოს მოქალაქესა და სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოში მყოფი სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებში სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორებითაც – საქართველოს მოქალაქე და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს.

 

ქორწინების რეგისტრაციისთვის აუცილებელია დაქორწინების მსურველ პირთა საქორწინო ასაკი და თანხმობა. საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ 18 წლის ასაკიდან.

 

ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია მოხდეს ქორწინების  სახლში, იუსტიციის  სახლის  ნებისმიერ ფილიალსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.

 

ქორწინების რეგისტრაციის  მსურველმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება;
  • დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საზეიმო რიტუალით ან შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციისას);
  • ქორწინების მოწმე პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი საბუთი (მანამდე ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში);
  • წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ განცხადებას წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი.

რაც შეეხება განქორწინებას, განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს, თუ ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, ასევე თუ ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ: (ა) განქორწინების მსურველ მეუღლეებს ერთობლივად; (ბ) ერთ-ერთ მეუღლეს, თუ:

  • არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
  • მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
  • მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:


„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი
ბმული: matsne.gov.ge/document/view/2278806?publication=13

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი
ბმული: matsne.gov.ge/document/view/1541247?publication=25 
 

unhr

პორტალი შექმნილია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის  ფინანსური მხარდაჭერით. პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ წარმოადგენს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოსაზრებას.